ბლოგი

ჩვილ ბავშვთა კვება

რადიოში ასეთი რამ გამოაცხადეს: ამინდის პროგნოზის სპონსორია ჩვილ ბავშვთა კვება.

ჯერ ერთი, მე მეგონა, რომ ჩვილ ბავშვთა კვება თავისთავად წარმოადგენდა ღირებულებას. მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა ჩვილ ბავშვთა კვება ამინდის პროგნოზს უწყობდეს ხელს რათა ჩვენ დავრწმუნდეთ - ჩვილ ბავშვთა კვება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

პრინციპში ლოგიკურია: ადრე, როდესაც შიმშილი და მათ შორის ჩვილ ბავშვთა შიმშილიც უდიდესი პრობლემა იყო კაცობრიობისათვის, ამინდის პროგნოზიც მარჩიელობა იყო და მეტი არაფერი. ფაქტობრივად არც არსებობდა ამინდის პროგნოზი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვილ ბავშვებს ვკვებავთ, ხელს ვუწყობთ დაგროვილი მეტეოროლოგიური ინფორმაციის უფრო ზუსტ ანალიზს, ინტერპრეტირებასა და დროულ გავრცელებას.

მაგრამ ცხადია ეს არ არის მთავარი, არამედ ამ რეკლამაში კარგად შეფარული, სტოიკური გზავნილი უნდა ვეძებოთ. ყოველთვის, როდესაც მცდარი პროგნოზის გამო ფეხსაცმელში წყალი შეგივათ და გაბრაზდებით, გადაწყვეტთ, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ხართ, ეს რეკლამა გაიხსენეთ. მაშინვე დამშვიდდებით, რადგან მიხვდებით, რომ ამას ამინდის პროგნოზის აპლიკაციას ვერ დააბრალებთ, არც თქვენი ლაშქრობაა მნიშვნელოვანი და საერთოდ, თქვენი პრობლემები მეორეხარისხოვანია, რადგან სადღაც ჩვილ ბავშვებს შიათ.