მეგობრებო ნუ გეშინიათ, რატომ გეშინიათ? თავიდან მეც შემეშინდა, მაგრამ შემდეგ აი, რა შემემთხვა: საყიდლებზე გავედი და აუცილებელი რამეები ვიყიდე. შემდეგ მომინდა "შავი დღისთვისაც" მეყიდა რამე. გადავწყვიტე პელმენი და არაჟანი მეყიდა, რადგან ზედგამოჭრილია შავი დღისთვის - ძალიან ადვილი მოსამზადებელია და სრულყოფილი კერძიც ეთქმის.
სახლში რომ დავბრუნდი საყინულეში კიდევ ოთხი შეკვრა პელმენი აღმოვაჩინე - ყველა ვადაგასული! ამან ძალიან გამაკვირვა - დიდხანს ვფიქრობდი თუ რა არის პელმენების ასეთი სიმრავლის მიზეზი და ბოლოს მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: არა და არ დგება ის შავი დღე რომლის მოლოდინშიც ვართ და რომლისთვისაც პელმენებს ვიმარაგებთ. ძალიან კარგი - პელმენები გროვდება და გროვდება. ეს სტატისტიკაა და მეტი არაფერი. სულ ტყუილად ვნერვიულობთ.
მეორეს მხრივ, ვისაც ზებუნებრივი ძალების გჯერათ, შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ სწორედ პელმენები და მისი სიმრავლე გვიცავს შავი დღისგან - რაც უფრო მეტი პელმენი გვაქვს მით უფრო შორს არის შავი დღე და რაც უფრო შორს არის შავი დღე მით უფრო მეტი პელმენი გვაქვს! საშიშროება კი მხოლოდ ის არის, რომ ერთ დღესაც საყინულე გამოივსება. მაგრამ აბა ეს რა საშიშროებაა?
ამიტომ შეიძინეთ პელმენები (ოღონდ ისე, რომ სხვასაც დარჩეს) და ნურაფერზე იდარდებთ