სლოკინის დროს არ დაისხათ ჩაი.
თუ უკვე დასხმულია - არ დალიოთ.
სლოკინი არაპროგნოზირებადია - ამიტომ შეუძლებელია მისი ყოველდღიურ აქტივობებში ინტეგრირება.
როდესაც სლოკინი დაგეწყებათ გაჩერდით და დაფიქრდით - იქნებ ეს სასჯელია? მაგრამ სლოკინის გამო დიდი ხანი ვერ გაჩერდებით და ვერც დაფიქრდებით.
მიხვდებით, რომ ეს მართლაც სასჯელია.
დაფიქრდით (სლოკინსა და სლოკინს შორის) - რისთვის ისჯებით? პირს თუ დიდზე გააღებთ სლოკინისას, ისეთი ხმა შეიძლება გამოსცეთ, თითქოს უცებ რაღაც შოკისმომგვრელი გაიგეთ.
თუ საშუალოზე გააღებთ - შამპანიურის ბოთლის გახსნის ხმას მიბაძავთ - მაგრამ ეს ძალიან უადგილო იქნება.
პირს ჯობია თუ სულ დახურავთ, მაგრამ ნუ შეეცდებით სლოკინის შეჩერებას - ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ძალიან გეცინებათ, მაგრამ თავს იკავებთ. თქვენ ცხადია არაფერი გაქვთ სასაცილო - სინამდვილეში ეს სლოკინი დაგცინით.
აი რა უნდა ქნათ სლოკინის დასამარცხებლად - მოდუნდით, გულზე ხელები დაიკრიფეთ და სლოკინი ნებაზე მიუშვით, თანაც რაც შეიძლება აგდებული გამომეტყველება მიიღეთ - ყოველი დასლოკინება გესლიან ჩაცინებასავით გამოგივათ და სლოკინს ეგონება, რომ ის ნამდვილ არარაობად მიგაჩნიათ.