ბლოგი

როგორ ვიცხოვროთ

ყველა სოციალური ქსელის „ფიდი“ რეკლამებით გადაიტვირთა. ამ რეკლამებში ბევრი, სასწავლო პროგრამის რეკლამაა. ყველამ რაღაცის კურსი გააკეთა. შეგიძლია ისწავლო ყველაფერი. „მუსიკის მასტერკლასი“, „ასტრონომიის მასტერკლასი“, „სტაფილოს ნამცხვარი სტაფილოს გარეშე, შვიდი მარტივი ნაბიჯი“, „უნივერსალური ფორმულა ნებისმიერი ქალის გულის დასაპყრობად - სამეტაპიანი პროგრამა“, „როგორ წავიკითხოთ 150 წიგნი ერთ წელიწადში“, „ყურადღების მოკრების ათთვიანი ინტენსიური კურსი“ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა ამ ყველაფრის შესასწავლად, ამიტომ სქროლვისას, უმეტესობა მათგანზე არც კი გაჩერდები, ისე ჩამოუქროლებ (ჩამოუსქროლებ).

ამას წინათ, თითქმის მექანიკურად სქროლვისას, ერთ-ერთ ტუტორიალს ჩამოვუსქროლე - „როგორ გავიზარდოთ თმა“. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი სასწავლო კურსი არ იქნებოდა, მისი მოძებნა ვცადე, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ასეა, ყურადღების წამიერი მოდუნება ხანდახან მნიშვნელოვანი შანსის გამაზვას ნიშნავს. დავფიქრდი, თუ რას შეიძლება ეს კურსი მოიცავდეს. აშკარაა, რომ ძნელია საკუთარი თმის ზრდას ხელი ცნობიერად შეუწყო. როგორც ვიცი, თმა ცოტა ხნით სიკვდილის შემდეგაც კი აგრძელებს ზრდას. შეგიძლია თმა ისე გაიზარდო, რომ ნებისმიერი სხვა რამე აკეთო, თმაზე ფიქრის გარდა. მეტიც, მჯერა, რომ რაც უფრო ბევრს იფიქრებ თმის ზრდაზე, მით უფრო ნელა გაგეზრდება თმა.

მაგრამ ეს კურსისთვის შესაფერისი მასალა არ არის. ვინ გადაიხდის ამაში ფულს? ონლაინ კურსი მოცულობითი და სოლიდური უნდა იყოს. ჩემი ვარაუდით კურსის შემდგენლები ამას ადვილად მიხვდებოდნენ. მე მგონია, რომ მათ ყველაფერი კარგად დაგეგმეს: კურსი განსაკუთრებით გულუბრყვილო ადამიანებზე გათვალეს, რომელთაც არ იციან, რომ თმა თავისით იზრდება. კურსისთვის კი საკმარისია ამ ადამიანებს გააკეთებინოს ყველაფერი დანარჩენი, რის განმავლობაშიც თმა გაიზრდება. ჩემი აზრით, ამ ტრენინგის შემდგენელ თაღლითებს თუ ფანტაზიის და სინდისის ნატამალი მაინც შერჩენიათ, კურსი თმის გარდა ყველაფერს უნდა ეხებოდეს. ეს უნდა იყოს ამომწურავი გზამკვლევი ცხოვრებაში, დაწყებული ყოველდღიურობის მოსაწყენი დეტალებიდან, ეგზისტენციალური შეკითხვებით დამთავრებული. დილით ადექით და კბილები გაიხეხეთ. შემდეგ ისაუზმეთ. კარგია, თუ ადრე გაიღვიძებთ - მაგრამ შეგიძლიათ ცოტა გვიანაც გაიღვიძოთ. მნიშვნელოვანია საუზმე. საერთოდ, ჭამა კარგია. საუზმე იმის მიხედვით შეარჩიეთ, თუ როდის გაიღვიძეთ. პირი დაიბანეთ და შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ. შეგიძლიათ არც შეიმშრალოთ - და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. ასეთი კურსის გაკეთება ძალიან მომგებიანი იქნება. ის უსასრულოდ შეგიძლია გაამდიდრო ახალი მასალით. მასში ყველანაირი შესწორებისა და დამატებისთვის მოიძებნება ადგილი. მოგვიანებით, როდესაც კურსი საკმარის პოპულარობას მოიპოვებს, მისი სახელის შეცვლაც შეიძლება - „როგორ გავიზარდოთ თმა: როგორ ვიცხოვროთ“.