პულსი

პულსი - არა მაინცდამაინც გულისცემასავით ჩქარი, მაგრამ მასავით თანაბარი მაინც. ყოველ შემთხვევაში, ჩანაფიქრი ეს არის. ყოველ დღე რაღაცის ჩაწერა - ნებისმიერი, რაგინდ უმნიშვნელო აზრის ან დაკვირვების ჩაწერა. მერე, როცა საკმარისი რაოდენობა დაგროვდება ჩანაწერების, ამ კატეგორიაზე - „პულსზე“ - თვალის გადავლება, რაღაცით მაინც დაემგვანება ნამდვილი, გულის პულსის მოსინჯვას.

ეს სავარჯიშო იქნება, რომელიც თავისი ინტენსივობით არა, მაგრამ თავისი სიხშირით და თანმიმდევრულობით იქნება შედეგის მომტანი. მაგრამ თუ „პულსზე“ ასეთი ენით ვისაუბრებთ, („სავარჯიშო“, „შედეგები“, „თანმიმდევრულობა“), „პულსის“ თინეიჯერულ იმ-პულსზე დაბრალება შეიძლება გაჭირდეს კიდეც.

Tags: #მეტა Categories: #პულსი

Written by Human, Not by AI