შუაღამეზე მეღვიძება. თითქმის სრული სიბნელეა. მუქ ფარდებში ვერაფერი უნდა ატანდეს, მაგრამ ჩემს წინ, კედელზე, გარედან სასწაულებრივად შემოღწეულ ერთადერთ მოციმციმე სინათლეს ვამჩნევ. კედელზე მოთამაშე სხივს ვაშტერდები. ძილისგან შენელებულ გონებას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ეს ჩემთვის გამოგზავნილი ნიშანია. გზავნილი, რომელმაც ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს. რომელმაც უნივერსალური იარაღი უნდა მომცეს ყველა ცხოვრებისეული პრობლემის გადასაჭრელად. რომელიც ამიერიდან წინ უნდა გამიძღვეს და ასე შემდეგ. ვცდილობ სხივის ციმციმში კანონზომიერება დავინახო. ცოტა ხანში ვხვდები, რომ ეს მორზეს ენაზე ჩაწერილი ღვთაებრივი გზავნილია. საწოლიდან წამოვხტები და ლეპტოპტს ვხსნი - მორზეს ენა არ ვიცი, მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო დაბრკოლებაა გასხივოსნების გზაზე. მაღვიძარის დარეკვამდე სულ რამდენიმე საათი რჩება და ეს დრო საკმარისი უნდა იყოს საბოლოო პასუხის მისაღებად. ახალ დღეს უნივერსალური პასუხით შეიარაღებული უნდა შევხვდე და რამდენიმე საათის ძილი თუ დამაკლდება, არა უშავს. მომდევნო რამდენიმე საათი კონცენტრირებულ მუშაობაში გადის. მორზეს ენაში გარკვევა არ მიჭირს. პასუხის კონტურები ნელ-ნელა იკვეთება. კედელზე მოციმციმე, განმეორებადი მესიჯი ნელ-ნელა ფერმკრთალდება, მაგრამ მე ის უკვე სრულად მაქვს ჩაწერილი. ეჭვი არ არის, რომ მესიჯის ყველა ცალკეული ასო უკვე ხელთ მაქვს. ახლა მათი დალაგებაღა მჭირდება (არ შეიძლებოდა, რომ მესიჯი პირდაპირ დალაგებული ყოფილიყო? მაგრამ ამაზე პასუხს, როგორც ყველაფერ დანარჩენზე, მესიჯის გაშიფვრასთან ერთად მივიღებ). სხივი კედლიდან ქრება, რადგან თენდება. ოთახში სინათლე იმატებს. სასტიკ დაცინვას, რომლის მსხვერპლიც ვარ, აორმაგებს მაღვიძარის ზარი, რომელიც ზუსტად მაშინ რეკავს, როდესაც საბოლოოდ ვახერხებ მიღებული ასოებისგან აზრიანი ფრაზის შედგენას - „დაიძინე სირო“.