ოთხმოცდამეცხრე ფსალმუნის ძველქართულ ვერსიაში აღმოვაჩინე სიტყვა, რომელიც მისი ჟღერადობის გამო ჯერ კიდევ სკოლიდან დამამახსოვრდა: დედაზარდლი - რაც ობობას ნიშნავს. უცნაურია, რომ ეს სიტყვა, (ანუ მისი თანამედროვე შესატყვისი), ახალი ქართულით ნათარგმნ ბიბლიაში არ არის. ასე ჟღერს ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის თარგმანი:
რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
ხოლო ძველი ქართული ვერსია ასეთია:
რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს.
აზრი, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, როგორ გადმოსცემს აზრს - რომ ჩვენი დღეები წარმავალია - ესა თუ ის თარგმანი. ამ ორ ვერსიას შორის, ერთი შეხედვით, დიდი განსხვავებაა. სურათი კიდევ უფრო რთული გახდა, როდესაც კუპლეტის ინგლისური ვარიანტებიც მოვძებნე.
წმინდა ათანასეს აკადემიის გამოცემული ბიბლია, Orthodox Study Bible, ამ კუპლეტს ასე თარგმნის:
For all our days failed, And in Your wrath we fainted; Our years were spent in thought lika a spider.
ობობას ეს თარგმანიც ახსენებს, მაგრამ ოდნავ შეცვლილ კონტექსტში - ჩვენ წლებს ჩაფიქრებულები ვატარებთ, როგორც ობობაო?
KJV (მეფე ჯეიმსის ბიბლიის) ვერსია კიდევ უფრო უცნაურია:
For all our days are passed away in thy wrath: we spend our years as a tale that is told.
ჩვენს წლებს ისე ვატარებთ, როგორც მოყოლილ ამბავსო? პრინციპში გასაგებია, რადგან ამბავი (რაც არ უნდა გრძელი იყოს), საბოლოო ჯამში მაინც მოკლეა, მალე მთავრდება.
ძველი ქართული ვერსია ყველაზე მეტად მომწონს. აზრი უფრო რთულად გასაგებია, სხვა, განსაკუთრებით თანამედროვე თარგმანებთან შედარებით, მაგრამ მეტაფორას უფრო მეტი მხატვრული ძალა აქვს და შეიძლება (მე ასე მეჩვენება), უფრო ზუსტიც არის. ობობის ქსელზე უკეთესად რამ უნდა გამოხატოს - წარმავლობის იდეა?