ბლოგი

ჭეშმარიტი სალათა

როდესაც პირველად გადავწყვიტე მე თვითონ მომემზადებინა კიტრი-პომიდვრის სალათა, ვიხელმძღვანელე უფრო ზოგად-ცხოვრებისეული პრინციპით, რომლის შეუმცდარობაში ეჭვი არ მეპარებოდა: საჭირო იყო მხოლოდ მ თ ა ვ ა რ ი ინგრედიენტები, რომელთა გარეშეც სალათა საერთოდ არ იარსებებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა მხოლოდ კიტრი და პომიდორი. შეიძლება ცოტა მარილიც. ხახვი, ძმარი და რაღაც გაუგებარი მწვანილები უგულებელვყავი როგორც უმნიშვნელო და არასაჭირო დეტალები. ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი მიგნებით. ვფიქრობდი, რომ განსხვავება გემოში რომელსაც გამოტოვებული ინგრედიენტები იძლევიან არ ღირდა იმ დროდ რომელიც, ვთქვათ, ხახვის დაჭრაში შეიძლება დაგეხარჯოს. მოდიფიცირებულმა სალათამ ჩემს ყოველდღიურ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავიდან ყველაფერი კარგადაც მიდიოდა. ნელ-ნელა სალათის არაბუნებრივ სიღარიბეს შევეჩვიე და დავიჯერე, რომ ნამდვილი გარღვევა მოვახდინე. თითქოს ასკეტური ცხოვრების მოკრძალებული ხიბლით დატკბობაც შემეძლო. მაგრამ ხანდახან, ნამდვილი სალათის გასინჯვისას იძულებული ვიყავი ნამდვილი სალათა ჩემს ასკეტურ სალათასთან შემედარებინა და რაც მეტად მიჩვეული ვიყავი ჩემი სალათის უგემურებას, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ძმრიანი, წვნიანი, ხახვიანი სალათა. მწიფდებოდა შინაგანი წინააღმდეგობა. ოღონდ მე ასე ადვილად არ ვაპირებდი დათმობას. დავიწყე პრობლემის გამოკვლევა - და გადავწყვიტე, რომ სალათას არასწორად ვამზადებდი; რომ უნდა ამეთვისებინა პომიდვრისა და კიტრის დაჭრის სწორი ტექნიკები; რომ პრობლემას სალათის შენახვისა და სერვირების უფრო დახვეწილი მეთოდების ათვისებით მოვაგვარდებდი. დავიწყე კიტრისა და პომიდვრის ნაჭრების სისქის ვარირება, ვცვლიდი პროპორციებს და ვიყიდე პროფესიონალური კიტრის სათლელი. მაგრამ შედეგი არ ჩანდა და მე, ორთოდოქსული სალათისგან დაშორებული, უფრო და უფრო ღრმად ვეფლობოდი უძმრობისა და უხახვობის უგემურ ერესში. საქმე იქამდე მივიდა, რომ საერთოდ უარი ვთქვი ნებისმიერ სალათაზე რომელიც ჩემი ხელით არ იქნებოდა მომზადებული. მაგრამ როგორც ჩანს ხანგრძლივმა თავშეკავებამ ნებისყოფა დამისუსტა და სულიერი ძალები გამომაცალა. მე თვითონ არ ვიცოდი, მაგრამ როგორც ჩანს უკვე მზად ვიყავი კაპიტულაციისთვის, რადგან ერთხელ, როდესაც სუპერმარკეტში შევედი, ჩემი ყურადღება ბალზამიკოს ძმარმა მიიქცია. გამახსენდა მაცივარში დატოვებული, შემჭკნარი და აპკმოდებული სალათა. მივიხედ-მოვიხედე და ბოთლი კალათაში ჩავაგდე. ვითომ სასხვათაშორისოდ ნაყიდ ბალზამიკოს ძმარს ერთი თავი ხახვიც მივაყოლე. არაპრინციპული და ამორალური საქციელის გამართლებას არც ვცდილვარ - სახლისკენ მიმავალმა ზუსტად ვიცოდი რასაც ჩავიდენდი. უძღები შვილი ვიყავი, ნამდვილი სალათისკენ მოქცეული. ამ საღამოს შემდეგ ჩემი შეცდომა ვაღიარე და ფასეულობები გადავაფასე. მაგრამ ჩემი მოქცევა, როგორც პიროვნების ყველა ძირეული ცვლილება, უმტკივნეულო არ ყოფილა. სამჯერ მაინც მადგება ცრემლი, როცა კი ახალ სალათასთან შეხება მიწევს: ერთხელ - როდესაც ხახვს ვჭრი. როდესაც ძმარში დამარინადებული ხახვი თითქმის ენაზე მადნება სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ. ხოლო მესამეჯერ კი მაშინ ვტირი, როდესაც უკვე დანაყრებულს, იმ მარტივი და უღრუბლო დღეების ნოსტალგია შემომაწვება, როცა მჯეროდა, რომ ცხოვრებაში რაც აუცილებელია - ამავდროულად საკმარისიც არის.