ზღაპარი

დილას, სტუდენტმა დატოვა თავისი პატარა ოთახი, ფაქტობრივად სორო, რომელშიც კიდევ ოთხი წელი, ან კიდევ სამი წელი უნდა გაეტარებინა. გაჩერებამდე ნახევრად მძინარემ მიაღწია და მობუზული (ქროდა სუსხიანი ქარი) დაელოდა ავტობუსს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე იყო, ლექციაზე მაინც აგვიანდებოდა. ავტობუსი მოვიდა, მაგრამ ავტობუსში ადგილი არ იყო. ლოდინი გაუხანგრძლივდა. მეორე ავტობუსი მოვიდა, მაგრამ ადგილი იქაც არ იყო. მეტს ვეღარ დაიცდიდა თუ ლექციის გამოტოვება არ უნდოდა. უკანასკნელი ათი ლარი ჰქონდა და გადაწყვიტა ეს ფული ტაქსიში დაეხარჯა.

მაგრამ ეს გზაშივე ინანა. მანქანა მძღოლის ძინძგლიანი სხეულის, მანქანის პრეისტორიული ინტერიერში გამჯდარ სიგარეტის სუნად ყარდა. ფანჯარა ჩამოსწია - თავი გაეყინა. ფანჯარა ასწია - კინაღამ დაიხრჩო. მანქანა ზლაზვნით და ზანზარით მიიკვლევდა გზას საცობში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის გათენებული იყო, მაინც ბნელოდა. ღრუბლების ერთგვაროვანი, ბრტყელი მასა ქალაქის თავზე ჭუჭყიან ლეიბად გადაჭიმულიყო. ეს ლეიბი თითქოს ქალაქს გუდავდა. სტუდენტმა, საბოლოოდ, ფანჯრის ჩამოწევა ამჯობინა, პირი დააფჩინა და მანქანაში შემოვარდნილ, რკინით დამძიმებულ, ყინულოვან ჰაერს შეუშვირა.

ლექციას ვერ მიუსწრო რადგან ის არც ჩატარებულა. ლექტორი სადღაც გაუჩინარებულიყო. ადმინისტრაციასთან დაღვრემილი ლექტორები შეკრებილიყვნენ. მაგრამ რომც ჩატარებულიყო - მაინც ვერ მიუსწრებდა. უნივერსიტეტის ეზოში გამოეხეტა მოწყენილი სტუდენტი. განმარტოებულ, კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოჯდა. მშიერი თვალებით უყურებდა ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილ, მობუზულ სტუდენტებს. ეტყობოდათ, რომ ციოდათ, მაგრამ ზურას (სტუდენტს ზურა ერქვა) ეჩვენებოდა, რომ მათ შორის ბევრად მეტი სითბო იყო, და შურდა, რადგან არ შეეძლო თვითონაც ესარგებლა ამ საერთო სითბოთი. მეგობარი, მას, ჯერ კიდევ არ ჰყავდა: პათოლოგიური სიმორცხვის გამო ვერავისთან დამეგობრება ვერ მოეხერხებინა; ამიტომაც იჯდა მარტო.

ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა და უნივერსიტეტი დატოვა. სახლში წასვლამდე გადაწყვიტა თავის საყვარელ ადგილას შეევლო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე სწავლის დღეებში. ეს ადგილი უნივერსიტეტთან ახლოს, ერთ-ერთი მოსაწყენი ლექციის შემდეგ აღმოაჩინა, როდესაც ფეხებს სევდიანად მიათრევდა სახლისკენ; როდესაც ფეხები მიათრევდნენ სევდიანი სახლისკენ. გზად მიტოვებული შენობა დაინახა - მშენებარე კორპუსის შავი კარკასი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და ეზოს მაგივრად სამშენებლო ნაგვით სავსე ორმო. მოხიბლა ამ შენობამ - თავისი სიბინძურით, სიპირქუშით, უკაცრიელობით. შესაძლოა იმიტომ, რომ იმის ანარეკლად მიიჩნია, რასაც საკუთარ სულში ჭვრეტდა. არაფერი ენახა, ასე კარგად რომ გამოეხატა მისი სულიერი განწყობა; და გზიდან სიამოვნებით გადაუხვია ცნობისმოყვარეობის თუ რაღაც მსგავსი (უფრო ძნელად მოსახელთებელი) გრძნობის გავლენით. აქ მართლაც პოვა სიმშვიდე და განმარტოება. კორპუსის არც ისე მყუდრო კარკასში შეყუჟული სტუდენტის ყურამდე ძლივს აღწევდა ქალაქის ხმაური.

და აი, იმ დღესაც იქ შეიარა და ჩამოჯდა ერთ-ერთ ოთახში, ცემენტის ბლოკზე - რათა სახლიდან წამოღებული პლასტმასის კონტეინერიდან ამოეჭამა წინა საღამოს მომზადებული წიწიბურა.

ცოტა ხანი ჭამდა, შემდეგ უცნაური ხმები მოესმა. ხმები შენობის სიღრმიდან მოდიოდა. აქ არასოდეს გადაჰყრია სულიერს ამიტომ ეს ხმა, რომელიც ადამიანების გამოცემულს ჰგავდა ყველაზე საზარელ ხმად მოეჩვენა.

კონტეინერი გვერდზე გადადო, იქვე მიატოვა მოკუჭულ რვეულთან ერთად და ხმას გაჰყვა. ინსტინქტურად ფრთხილობდა, თუმცა არ იცოდა რა საფრთხე შეიძლებოდა დამუქრებოდა. სულ უფრო უახლოვდებოდა ხმის წყაროს, ბოლოს მიადგა იმ ოთახის ზღურბლს, საიდანაც უეჭველად მოდიოდა იგი. მთელი სხეულით აეკრა ბეტონის კედელს და ცალი თვალით შეიხედა ოთახში: ბინდბუნდში გაარჩია მოძაგძაგე, რიტმულად მფეთქავი ორგანიზმი. მიაშტერდა ამ ორგანიზმს და ნელ-ნელა მისი მდგენელი ორი სხეულის კონტურების გარჩევაც მოახერხა. ორზურგა ორგანიზმის ყურებამ მონუსხა და ძლივს გამოერკვა ამ მდგომარეობიდან; გამოარკვია კი განგაშის შეგრძნებამ: სასწრაფოდ უნდოდა გასცლოდა იქაურობას. მაგრამ შებრუნდა თუ არა იქვე დაგდებულ, ცარიელი კონსერვის ქილას გაჰკრა ფეხი. ქილის ჭახანი მთელს შენობაში დაირხა.

— ვინ არის? - დაიღრიალა მხეცმა და გამოეკიდა.

ზურა გაიქცა, ფეხები უკანკალებდა, მიტოვებული კორპუსის პირქუშ ლაბირინთში დაიკარგა. უკნიდან ესმოდა მდევრების ფეხების ხმა. ერთ-ერთ ოთახში სამშენებლო მასალით, ნაგვით, რაღაც ჭინჭებით გამოტენილი სათავსო აღმოაჩინა და შიგ შეძვრა.

ესმოდა, როგორ ეძებდა იმ საშინელი მხეცის ორი, მასკულინური და ფემინური ჰიპოსტასი, მთელს შენობაში. მისი ნაბიჯების და ღრიალის ხმა ხან შორდებოდა, ხანაც უახლოვდებოდა. ზურა არ ინძრეოდა. არათუ არ ინძრეოდა, ცდილობდა სუნთქვითაც კი ჩუმად ესუნთქა. ერთი-ორჯერ მდევარმა მის სამალავთან ახლოს ჩაიარა. საბედნიეროდ ზურა გადარჩა. მხეცის ხმა ახლა შორიდან ისმოდა.

ზურას იმედი მოეცა, რომ მალე ძებნა სულ მთლად შეწყდებოდა, ისევ სიჩუმე დაისადგურებდა, თვითონ სამალავიდან გამოსვლასა და სახლში წასვლას შეძლებდა. სახლში, რომელიც ახლა ნამდვილ სამოთხედ, მშობლიურ თავშესაფრად ესახებოდა. ამასობაში გათბა და რადგან საფრთხე უკვე შორეული ჩანდა - თავი ძილმა წაართვა.

როდესაც გაეღვიძა შენობა კიდევ უფრო ახმაურებულიყო - შენობის მთელი კარკასი უცხო, ძარღვებში სისხლის გამყინავ ხმებს მოეცვა. არ იცოდა რამდენი დრო იყო გასული (ტელეფონის ბატარეა დამჯდარიყო), რამდენი ხანი გაეტარებინა მძინარეს. მყრალი ჭინჭების გროვაში, რომელიც ფარავდა, პატარა ჭუჭრუტანა გააკეთა და ოთახს მოავლო თვალი. კარის ცარიელ ჩარჩოში სხვა ოთახებიც მოჩანდა. შორს, კორპუსის სიღრმეში დროდადრო ფანრის შუქები კრთებოდნენ. გადაძახილები და მხეცური ხმებიც უფრო ენერგიული გამხდარიყო. ზურა დარწმუნდა, რომ მას ეძებდნენ. ერთი მხეცის ნაცვლად ახლა მთელი სამხეცეთი ეძებდა.

რა უნდოდათ მისგან? ზურას შიოდა, სწყუროდა და სივიწროვეში ჯდომისგან ყველაფერი სტკიოდა. ერთადერთი, სიმყრალე აღარ აწუხებდა ისე ძალიან. ხმები და ფანრები მოახლოვდნენ, ბოლოს იმ ოთახში შემოვიდნენ რომლის პატარა განყოფილებაში, თუ სათავსოში იმალებოდა სტუდენტი.

— კარგად ნახეთ - გაისმა ბრძანება - ეს ბოლო ოთახია.

ახლა კი ნამდვილად დაღუპული იყო ზურა. რისი იმედი უნდა ჰქონოდა? მხოლოდ სასწაულის. ერთ-ერთი ფანარი მოახლოვდა და პირდაპირ ჭუჭრუტანაში შემოანათა. სტუდენტი ვერსად დაემალებოდა ამ შუქს. თვალი გაუსწორა. გაუნძრევლად იჯდა, როგორც პროჟექტორით მონუსხული კურდღელი.

— არც აქ არის - თქვა შემდეგ ქალის ხმამ.

ჭუჭრუტანაში დაგრაგნილი ქაღალდი შემოცურდა. ზურა დღის სინათლეს დაელოდა მის წასაკითხად. გათენებამდე ამ ქაღალდის ნაგლეჯს ისე ბღუჯავდა, როგორც იმედის და სინათლის ერთადერთ წყაროს ამ წყვდიადში. დილას მოახერხა მოკლე და ბუნდოვანი ინსტრუქციის წაკითხვა.

ქაღალდი ასწავლიდა როდის შეეძლო გარეთ გამოსვლა, სად უნდა ეპოვა კეთილისმყოფლების მიერ დატოვებული საჭმელი, სად უნდა დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილებები. რა არ უნდა გაეკეთებინა, თუ არ უნდოდა, რომ დაეჭირათ და შეეწვათ.

„შეწვა"? - გაიფიქრა ზურამ. მაგრამ ამ აზრსაც მალე შეეჩვია. ცხადი იყო, რომ ეს ის სამყარო არ იყო, რასაც თვითონ იცნობდა.

დიდხანს ცხოვრობდა ისე, როგორც ეს ქაღალდმა დაუწესა. მისი სამყარო პატარა სათავსომდე დაპატარავდა. სასმელი და საჭმელი ყოველთვის საკმარისი მოჰქონდა მისთვის უცნობ კეთილისმყოფელს. სამალავიდან ინსტრუქციით მითითებულ დროს გამოდიოდა ხოლმე. ასეთ დროს შემოსაზღვრულ და უკაცრიელ ტერიტორიაზე დაბორიალობდა. სეირნობის ეს ხანმოკლე მომენტები მისი ყოველდღიურობის საუკეთესო ნაწილად იქცა.

მაგრამ ასე ცხოვრება მაინც შეუძლებელია - მიუხედავად პატარა გამონათებებისა. უფრო და უფრო ხშირად ეძალებოდა პირქუში ფიქრები. გაქცევა იდეაფიქსად ექცა. როდესაც გაქცევის ამ იმპულსისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო, სათავსო დატოვა - ინსტრუქციით დადგენილი ჩარჩო დაარღვია. ყველაფრისთვის მზად იყო, ყველანაირ სასჯელს გაუსწორებდა თვალს, მაგრამ დიდხანს იარა ისე, რომ არავინ გადაჰყრია, ბოლოს კი მიადგა უზარმაზარ, ხალხით სავსე დარბაზს. დარბაზის შუაში ცეცხლი ენთო. ხალხი მთელს დარბაზში მიმოფანტულიყო, ზოგი იდგა, ზოგი მიწოლილიყო, ცეცხლთან კი ხალხის მასა მჭიდროვდებოდა. ზურა ელოდა, რომ მაშინვე დაიჭერდნენ და სასტიკად დასჯიდნენ, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ცეცხლთან ჩამოჯდა და მალე საჭმელიც შესთავაზეს. ასე გაატარა რამდენიმე დღე, მალე გაიჩინა მეგობრები და ის ქალიც იპოვა, წლების მანძილზე რომ ეხმარებოდა და საჭმელს უზიდავდა. ეს ქალი მომავალში მისი ცოლი გახდა.

ზურას შეეძლო, სადაც უნდოდა, იქ წასულიყო, მაგრამ წასვლა არსად აღარ უნდოდა. ამ ხალხს შეერია, მათთან ერთად დაფუძნდა და ცხოვრობდა, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა.

ერთ მშვენიერ დღეს შენობას მოადგა ბულდოზერი და მუშაობა დაიწყო. შენობის ეზოში გამოჩნდნენ ყვითელ ჩაფხუტიანი მუშები, ტრაქტორები, ამწეები. აშკარა იყო, რომ იმ ხალხის სამყარო, ვინც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა, მალე დაინგრეოდა; მაგრამ ხალხი მას იოლად არ დათმობდა.

დაიწყო წინააღმდეგობა. კორპუსიდან, რაც ხელში მოხვდათ, მუშებს და ტრაქტორებს დაუშინეს. ამან მხოლოდ მხოლოდ ცოტა ხნით შეანელა მშენებლობის განახლებული პროცესი, მაგრამ მალე შენობა სპეცრაზმმა მოაქცია ალყაში. შენობაში გამაგრებულების უმეტესობა ამ ბრძოლაში დაიღუპა. მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა გაქცევა. დაფანტულებსა და გაქცეულებს შორის იყვნენ ზურა და მისი ცოლიც. მათ დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ მიაღწიეს სხვა ქვეყანას, სხვა ქალაქს, და ამ ქალაქში, სხვა მიტოვებულ შენობას, რომელიც ძალიან ჰგავდა დაკარგულ შენობას და საცხოვრებლად გამოდგებოდა. იქ, წვალებით, მაგრამ მაინც მოახერხეს ყველაფრის თავიდან დაწყება. თითქოს ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. თითქოს გამოუჩნდა სასიკეთო პირი, მაგრამ გარესამყაროს საცეცები ბოლოს მაინც მისწვდათ - ყოველდღიურობის დუნე მაგრამ ტკბილი მდინარება და მიტოვებული შენობის თაღებში დავანებული მყიფე სიჩუმე ერთ დღესაც უცხო ფეხის ფრთხილმა ხმამ დაარღვია.

Categories: #მხატვრული

Written by Human, Not by AI