ეშმაკის ბორბალი

ელენე პარკში დათქმულ დროზე ადრე მივიდა. ლუკას მოსვლამდე შეეძლო პარკში ესეირნა, სადაც ბავშვობის შემდეგ აღარ ყოფილა. ნელა გაუყვა ფართო ქვაფენილს პარკის სიღრმისკენ. შეეცადა ბავშვობის მოგონებებში შემონახული პარკი დაეკავშირებინა იმასთან, რასაც ხედავდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან შეცვლილიყო. მოეჩვენა, რომ ერთადერთი რაც დროს უცვლელად დაეტოვებინა პარკის სიღრმეში, სიმწვანიდან ამოშვერილი უზარმაზარი ატრაქციონი იყო.

პარკთან დაკავშირებული ყველაზე მძაფრი მოგონება ზუსტად ატრაქციონებს უკავშირდებოდა. ახსოვდა ის აღფრთოვანება და შიში, თავბრუდამხვევ სიმაღლეზე ასვლამ და ამ სიმაღლიდან გადაშლილი ქალაქის ხედის დანახვამ რომ აგრძნობინა. დღეს ისევ აპირებდა ლუკასთან ერთად რამდენიმე ატრაქციონზე დაჯდომას და სულაც არ იყო წინააღმდეგი, თუ მოლოდინით მოგვრილი სასიამოვნო სიმსუბუქე ცოტა ხანი კიდევ გაგრძელდებოდა.

პარკის ცენტრს მიაღწია, სადაც სახელდახელოდ მოწყობილი, დროებითი სცენა მოეწყოთ. სცენასთან ხალხი ირეოდა, ზოგი ხმის აპარატურას დაათრევდა, ზოგი მითითებებს იძლეოდა, ზოგი უსაქმოდ იდგა და ლაპარაკობდა. ელენემ ახლაღა ენიშნა, რომ პარკში იმაზე ბევრად მეტი ხალხი დახვდა, ვიდრე ელოდა.

***

ბიჭებმა პარკის ცენტრში ერთი სკამი აარჩიეს. თავისი ლუდით მოვიდნენ. წესით სასმელი კიდევ დიდხანს ეყოფოდათ, მაგრამ მალე წასვლას არ აპირებდნენ და თუ ლუდი გამოელეოდათ, აქვე იყო სხვადასხვა სახის ჯიხური, სადაც სასმელ—საჭმელი იყიდებოდა, მათ შორის ჩამოსასხმელი ლუდიც. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იყო ცენტრი და ბიჭებს ცენტრში ყოფნა მოსწონდათ.

ოღონდ მათ მიერ შერჩეულ ადგილზე ერთი სკამი იდგა და ყველანი ვერ დაეტეოდნენ. ბერემ წამოაყენა იდეა, რომ პარკის რამდენიმე, მოშორებით მდგარი სკამი მოეთრიათ; წიპუშა, ტრადიციულად, შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

მაგრამ ასევე ტრადიციულად, წიპუშას არავინ მოუსმინა. წიპუშა ყოველთვის ტვინს ბურღავდა და ყოველთვის იცოდა რა სწორი იყო და რა არასწორი, როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად. მაგრამ ამ გამაღიზიანებელი თვისების მიუხედავად, ბერეს ძალიან უყვარდა და ყველგან თან დაჰყავდა (დაათრევდა, როგორც ზოგი ქირქილებდა სამეგობროში).

ორი სკამი მოათრიეს და უკვე მდგარ სკამს ისე მიადგეს, რომ სამკუთხედი შექმნილიყო. ლუდი პლასტმასის ჭიქებში ჩამოასხეს. მზესუმზირა და მიწის თხილიც ჰქონდათ. სვამდნენ, ლაპარაკობდნენ, ნელ—ნელა სასმელი ეკიდებოდათ, ახმაურდნენ.

სცენისთვის და მასთან შეკრებილი ხალხისთვის, რომლის რაოდენობაც ნელ—ნელა მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა ყურადღება არ მიუქცევიათ.

სამაგიეროდ, ბერეს ყურადღება მიიქცია ქერათმიანმა გოგომ, რომელიც ასევე შემოსასვლელის მხრიდან გამოჩნდა და ნელა ჩაუარა ბიჭების შეკრების ადგილს. ბერეს აზრით, გოგო რაღაც დაბნეული ჩანდა, თვალებს აცეცებდა, დაკარგულივით იქცეოდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა საით წასულიყო. ბოლოს იქვე, ახლოს, მოედნის მეორე მხარეს სკამზე ჩამოჯდა. ბერემ გადაწყვიტა დახმარების ხელი გაეწვდინა.

— მაიცა აბა, მოვალ.

გოგოსთან მტკიცე ნაბიჯით მივიდა.

— ეძებ რამეს? — უთხრა პირდაპირ.

გოგომ შეხედა, დაბნეული ჩანდა.

— უკაცრავად? — რამეს ხო არ ეძებ—თქო... მარტო ხარ? რამით ხო არ დაგეხმარო.

გოგომ ზრდილობიანი უარით გამოისტუმრა. ბერე თავის ადგილზე დაბრუნდა.

— რაო, არაო? — კითხა წიპუშამ.

ბერეს სიცილი დააყარეს მაგრამ იმან მხრები აიჩეჩა და პლასტმასის ჭიქა ლუდით შეივსო.

***

სცენასთან ხალხმა დაიწყო შეგროვება. ლეიტენანტი გიორგი ბოტკოველი, რამდენიმე პოლიციელთან ერთად, სახელდახელოდ მოწყობილ ბირჟას მიუახლოვდა, თავი წარუდგინა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდებმა ლეიტენანტის მოთხოვნის კანონიერება ეჭქვეშ დააყენეს.

— რის საფუძველზე? — იკითხა ერთ—ერთმა, სათვალიანმა.

ლეიტენანტმა განუმარტა კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც უფლება ჰქონდა ახალგაზრდებისთვის გადაადგილება მოეთხოვა.

— ეგ მუხლი სხვა რაღაცას ეხება — თქვა სათვალიანი.

ჯგუფის ლიდერები ორნი იყვნენ — ერთი სათვალიანი და მეორე, აგრესიული. ლეიტენანტმა დაიმახსოვრა მათი სახეები. ეს პროფესიული ჩვევისათვის დამახასიათებელი ავტომატიზმით გააკეთა.

— და თუ არ წავალთ რა მოხდება? — იკითხა მეორემ გამომწვევად. — ეს თხოვნა არ არის — თქვა ლეიტენანტმა და დაამატა — ეს მოლაპარაკებები არ არის.

ახალგაზრდების ჯგუფმა ადგილის დატოვებაზე უარი განაცხადა (იმ ორის მეთაურობით), მიუხედავად ლეიტენანტის ზრდილობიანი თხოვნისა, მიუხედავად მისი თანმხლები პოლიციელების მეგობრული მიმართვებისა. ლეიტენანტი ადგილს დროებით გაეცალა, შემდგომი ზომების მოსამზადებლად.

***

უხერხული ეპიზოდის შემდეგ, როცა ელენესთან ვიღაც ბიჭი მივიდა და გამოლაპარაკება სცადა, ელენე წამოდგა და პარკის ბოლოსკენ გაემართა. პარკში ხალხის რაოდენობა მატულობდა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემხვედრი (ელენეს აზრით პარკისთვის შეუფერებელი) ბილბორდები, ერთ ფერში გამოწყობილი ხალხი, ხშირად დროშებითა და ტრაფარეტებით ხელში, დროებითი სცენა პარკის ცენტრში და ხმის ინჟინრების ფუსფუსი როგორც იქნა ერთმანეთთან დააკავშირა — გაახსენდა მთავრობის მიერ დაანონსებული წინასაარჩევნო აქციების სერია. ელენე დარწმუნებული არ იყო, მაგრამ თითქოს გაახსენდა, რომ პარკში გასამართი ყრილობაც, ამ სერიის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

პარკის ერთ—ერთ კიდეს მიაღწია, იმ ადგილს, საიდანაც პარკი ხშირ ტყედ გადაიქცევა. იქ შესვლა აღარ მოინდომა და უკან გამობრუნდა. მოიფიქრა, რომ ლუკას მოსვლამდე უქმად ლოდინს აჯობებდა თუ სალაროში რამდენიმე ატრაქციონის ბილეთს იყიდდა. თავისი საყვარელი ატრაქციონისთვის, ეშმაკის ბორბლისთვის, ორ—ორი ბილეთი იყიდა.

***

ლუკას სამსახურიდან გამოსვლა გვიან მოუხდა. შემდეგ, უკვე ოფისის შენობიდან გამოსული იყო, როცა უფროსმა შეაყოვნა. ელენესთან დათქმულ შეხვედრას დროზე ვეღარაფრით მიუსწრებდა. „მალე მოვალ ცოტა მაგვიანდება“ — მისწერა ელენეს.

არაუშავს — ელენემ იცოდა, რომ ლუკა მუშაობდა. აპატიებდა. ამაზე ნერვიულობა არ ღირდა — ლუკა ხომ ძალისხმევას არ იშურებდა დათქმულ დროზე მისასვლელად. ვერაფრით განჭვრეტდა წინასწარ იმას, რომ უფროსი შეაყოვნებდა. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ეფიქრა, სწრაფად მისულიყო პარკამდე.

მაგრამ პარკთან მიახლოებასთან ერთად მოძრაობა რთულდებოდა. მანქანების კოლონა, რომელსაც ლუკა შეუერთდა, ძალიან ნელა მოძრაობდა, ხშირად ჩერდებოდა. ბოლო ასეთი გაჩერების შემდეგ უკვე შვიდი წუთი იყო გასული და ჯერ კიდევ არ დაძრულიყვნენ. ლუკა პირველად ანერვიულდა. ელენესგანაც უცნაურ მესიჯებს იღებდა: „ჩხუბობენ“ — რას ნიშნავს ჩხუბობენ? ან რას ნიშნავს „ატრებთან“. ატრიებთან? ელენეს არც ისე დიდი ხანია რაც იცნობდა, ამიტომ ხანდახან ელენეს ნათქვამის გაშიფვრა უწევდა. ატრიებთან? ატრიასთან? პარკში ატრიები არ ახსოვდა. იქნებ ახალი გახსნილი იყო? ატრაქციონებთან!

ლუკას გაეღიმა. ელენეს ეს ჩვევა, შეემოკლებინა სიტყვები და ხანდახან მთლიანი ფრაზებიც, აცინებდა და მოსწონდა კიდეც. ელენეს განსაკუთრებულობის მიზეზად თუ არა, ერთ—ერთ სიმპტომად მაინც მიაჩნდა.

მაგრამ ელენეზე ჩაფიქრებას, აზრთა სასიამოვნო მდინარებას მანქანების ნაკადის სრული უძრაობა უშლიდა ხელს. ნამდვილად რაღაც ხდებოდა. მოძრაობის ასეთი შეფერხება ქალაქის ამ ნაწილში უჩვეულო იყო. ფანჯარა ჩამოსწია და თავი გარეთ გაყო სადამდეც თვალი სწვდებოდა, გზა მანქანებით იყო ჩახერგილი. მანქანების სიგნალებს, გაღიზიანებული მძღოლების გინებას და შეძახილებს მიჰქონდა ყური. გვერდითა მანქანის მძღოლს გამოელაპარაკა.

— გზა გადაკეტილია — უთხრა იმან. — და რა ხდება? — არ ვიცი. რაღაც ხდება — უპასუხა მეზობელმა.

მაგრამ მალე ცოტა უფრო აზრიანმა სიახლემაც მოაღწია ლუკამდე. ახალი ამბები გრძელი კოლონის წინა ნაწილიდან მანქანიდან მანქანას გადაეცემოდა და ასე მოაღწია ლუკამდეც. გაირკვა, რომ წინ, პარკთან მისასვლელი გზა პოლიციას გზა გადაეკეტა. ამ ამბის შეტყობის შემდეგ ბევრმა მანქანამ მობრუნება დაიწყო და კოლონას გამოკლებული მანქანების წყალობით მოძრაობა გაიოლდა.

ლუკა დანებებას არ აპირებდა, დათქმულ შეხვედრაზე მისვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძრაობის გაიოლებამ შესაძლებლობა მისცა გზიდან გადასულიყო და მანქანის დასაყენებელი ადგილი, მართალია დიდი წვალების შემდეგ, მაგრამ მაინც მოეძებნა. მანქანა დატოვა და ფეხით შეუყვა პარკისკენ მიმავალ გზას. მისდა გასაკვირად, კიდევ ბევრი მიდიოდა იმავე მიმართულებით.

ცოტა ხანი იარა, შემდეგ უკნიდან ჩოჩქოლისა და სიგნალების ხმები მისწვდა. დიდი ავტობუსი წამოეწია, რომელიც, ვერც იფიქრებდა, თუ აქ გავლას შეძლებდა, მაგრამ ავტობუსს წინ პოლიციელები მიუძღოდნენ. მძღოლებს გზიდან დროებით გადასვლას აიძულებდნენ და გზას ათავისუფლებდნენ. მართალია მათ ყოველი მეტრისთვის უწევდათ მანქანების მძღოლებთან დალაპარაკება, ხანდახან უსიამოვნო კამათის გამართვაც, მაგრამ შედეგი მაინც ის იყო, რომ ავტობუსი, რომლის წინ გზა თითქოს სასწაულებრივად იხსნებოდა, მალე ლუკას გასცდა და თვალსაც მიეფარა.

დაბურული მინები, ავტობუსის პირქუში შესახედაობა, ის მონდომება, რომელსაც პოლიციელები იჩენდნენ ავტობუსის წინაშე — ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს სპეციალური ძალების ტრანსპორტი უნდა ყოფილიყო.

***

სცენასთან ხალხმა იმატა და სახელდახელო ბირჟა გარშემორტყმული აღმოჩნდა. ბიჭებს უკვე ნასვამები ეთქმოდათ. რადგან ბერე და წიპუშა არსად აპირებდნენ წასვლას, სხვებიც არაფრად აგდებდნენ ხალხმრავლობას. ბიჭების ის პატარა ნაწილი, ვისაც უფრო მყუდრო ადგილას ერჩივნა დროის გატარება, ცდილობდნენ იხტიბარი არ გაეტეხათ და უხერხულობა არ შეემჩნიათ.

მალე პოლიციელები ისევ გამოჩნდნენ. ახლა უფრო ბევრნი იყვნენ. ხალხში გზა გამოიკვლიეს და ბირჟასთან შეგროვდნენ. მათ მიხვრა—მოხვრაში გადაწყვეტილების სიმტკიცე იკითხებოდა. პოლიციელმა, რომელსაც ბიჭები უკვე იცნობდნენ, ისევ მოსთხოვა, ადგილის დატოვება.

ბიჭების ნაწილი წამოიშალა, მაგრამ ბერემ და წიპუშამ უკან არ დაიხიეს. საქმე შელაპარაკებამდე მივიდა. შემდეგ მთავარმა პოლიციელმა ნიშანი მისცა თავის ქვეშევრდომებს და იმათაც არ დაუყოვნებიათ, სამკუთხედში შევიდნენ და სცადეს ბიჭები ძალით გაეყარათ.

ასეთი რამ იშვიათი არ არის. პოლიციას ხშირად უწევს წესრიგის დამყარება და ეს ყოველთვის არ ხერხდება ტკბილი სიტყვით. ბიჭების უმეტესობაც, ჩანდა, მზად იყო გასცლოდა სკამებს და სხვაგან გაეგრძელებინა დალევა. ის ფორმალური წინააღმდეგობა, რომელიც უმრავლესობა მათგანმა პოლიციას გაუწია, ღირსების შესანარჩუნებლად და იმის საჩვენებლად იყო, რომ არ აპირებდნენ პოლიციის ნებისმიერი, კაპრიზული ბრძანების მორჩილად შესრულებას. მაგრამ ყველას პროტესტი არ იყო ფორმალური. წიპუშა, რომელიც ფიზიკურად ადვილად დაიმორჩილეს და მიათრევდნენ, ლაპარაკს არ წყვეტდა, კანონებზე მიერეკებოდა რაღაცას. ამ დროს ერთ—ერთმა მოთმინებადაკარგულმა პოლიციელმა წიპუშას თავში წაუთაქა.

რა თქმა უნდა წინასწარ ვერავინ ივარაუდებდა, რომ ეს მომენტი ნაპერწკალი იქნებოდა, რომელიც გამანადგურებელ ხანძარს გააჩაღებდა. ბერემ ყველაფერი დაინახა და გაშმაგდა. ბიჭები აჰყვნენ. სიტუაციამ, რომელიც აქამდე კომიკურობის ზღვარზე მერყეობდა, სერიოზული ხასიათი მიიღო.

პოლიციელები, რაკი საქმე ძალადობამდე მივიდა, შეეცადნენ წინააღმდეგობა ძირშივე ჩაეკლათ, მაგრამ მათ მიერ გამოჩენილმა სისასტიკემ უკუშედეგი გამოიღო.

ზუსტად დღემდე დაუდგენელია, თუ რამ გადაზარდა ამ თითქოს იზოლირებული შემთხვევა უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბიჭებს შეკრებილ ხალხში მხარდამჭერები აღმოაჩნდათ. მათ შორის რამდენიმე ადამიანი პარტიის ფერებში იყო გამოწყობილი, იყვნენ ელენეს მსგავსად პარკში შემთხვევით მოხვედრილებიც. თვითმხილველების ცნობით ხალხი თავიდან მხოლოდ გაშველებას ცდილობდა, მაგრამ სულ მალე, ძალაუნებურად მათაც ცემა—ტყეპაში მოუწიათ ჩართვა. პოლიციელებმა სასტიკად სცემეს წიპუშას, და ერთ—ერთ გამშველებელს; ბიჭებიდან ორი მათგანის წათრევა და პოლიციის მანქანებში ჩატენა მოახერხეს. დანარჩენები, შეხლა—შემოხლის დროს, ხალხის დახმარებით, გაექცათ. მათ შორის იყო ბერეც, რომელმაც პარკში ხალხმრავლობით ისარგებლა და მიიმალა. მისი დაკავება დროებით გადაიდო.

***

ელენემ სალაროში ბილეთები იყიდა და ისევ ცენტრისკენ მიდიოდა, როდესაც აურზაურის ხმებმა მის ყურამდე მიაღწია. ცნობისმოყვარეობამ ფეხი ააჩქარებინა. პარკის ყველა კუთხიდან, შეამჩნია, რომ ხალხი ცენტრისკენ მიედინებოდა. შორიდან შენიშნა მოედანზე შეკრებილი ხალხის მასის ტორტმანი.

ეპიცენტრიდან გინება და ყვირილი ისმოდა, მაგრამ ელენეს არ უფიქრია, რომ გაზაფხულის ამ სასიამოვნო საღამოს რამე მართლა საშიში და პირქუში მოხდებოდა. თუმცა კონფლიქტის ადგილთან ზედმეტად ახლოს მისვლისგან, სიფრთხილის კარნახით, მაინც თავი შეიკავა. შორიახლოს, სკამზე ჩამოჯდა — აქედან ყველაფერს კარგად გაიგონებდა, იქნებ დაენახა კიდეც. ლუკას მოსვლამდე, რომელიც იმაზე მეტად იგვიანებდა, ვიდრე ელენე ელოდა, სანახაობით თავს შეიქცევდა, საინტერესო იყო ვინ, ან რატომ ჩხუბობდა. აქედან ამის გარკვევა ჯერ—ჯერობით შეუძლებელი იყო, მაგრამ სანაძლეოს დადებდა, რომ ის ბიჭები იქნებოდნენ, ცოტა ხნის წინ რომ ჩაუარა. ასე იყო თუ ისე, ელენეს აზრით, ყველაფერი სულ მალე ჩაცხრებოდა.

ოღონდ, ამას ჯერ რაღაც პირი არ უჩანდა. უფრო ხშირად ისმოდა შეძახილები, ალიაქოთი ძლიერდებოდა.

შემდეგ ელენეს ყური მოსჭრა ხანგრძლივმა, უწყვეტმა წუილმა, რომელიც როგორც ჩანდა მიკროფონის ჩართვას მოჰყვა: ვიღაცა სცენაზე ასულიყო და ხალხს მოუწოდებდა, პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ.

შეეშინდა, რომ ეს არეულობა ატრაქციონებზე დაჯდომის და საერთოდ, დღევანდელი შეხვედრის სიამოვნებას რაღაცას დაუკარგავდა და შეიძლება უსიამოვნოც კი გაეხადა. ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო და ლუკას მისწერა.

„ცენტრში ვარ“.

დაფიქრდა და კიდევ ერთი მესიჯი გააგზავნა: „ატრების გადასახვევთან“.

„რის?“ — მიიღო მოკლე პასუხი.

„ატრ—ების“ — უპასუხა ელენემ. გაეცინა ლუკას დაბნეული სახის წარმოდგენაზე.

ცოტა ხანში კიდევ ერთი მესიჯი გააგზავნა:

„აქ ჩხუბობენ, ფრთხილად“

***

წიპუშა ძირს იწვა, ირგვლივ ხალხი ეხვია. პარკის მისადგომებთან მოსული სასწრაფო მანქანების შუქებმა ბინდბუნდში ჩაკარგული ხეების წვეროები პირქუშად ააციმციმეს ლურჯ—წითლად. გამოჩნდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები. ვიღაც ქალი ტიროდა. წიპუშას ამხნევებდნენ, მაგრამ ის არაფერს ამბობდა, მძიმედ სუნთქავდა, თვალები ღია ჰქონდა. ცოტა მოშორებით იწვა მეორე დაშავებული. ბიჭები არსად ჩანდნენ.

— გაიშალეთ, ჰაერი არ არის. — ხალხო უკან დაიწიეთ — გაისმა ხმები.

ხალხი ღელავდა. საიდანღაც გაჩნდნენ ჟურნალისტებიც, დაიწყო პირდაპირი ჩართვა.

აღმოჩნდა, რომ იქ შეკრებილ ხალხში ერთსულოვნება არ იყო. სამთავრობო აქციაზე დასასწრებად მოსულ, ტრანსპარანტებიან ხალხში პროტესტის ხმები გაჟღერდა.

— ვინ არიან ეს პროვოკატორები. — გამყიდველები. — ეგრე მოუხდებათ.

სცენასთან ახლოს, ხალხის მასა თითქოს შედედდა და ახალი გაწევ—გამოწევა დაიწყო. გაჩნდა საშიშროება ცემა—ტყეპის ისევ გაჩაღებისა.

— სად არის პოლიცია! — წადით აქედან! — გაეთრიეთ. — ნუ გეშინიათ, მოდიან!

კონფლიქტის კერა ამჯერად თითქოს ჩაინავლა, მაგრამ მხოლოდ დროებით. რამდენიმე ადამიანი სცენაზე აძვრა და სანამ პოლიცია რეაგირებას მოასწრებდა, აპარატურის რაღაც ნაწილის დალეწვა მოასწრო, რამაც პარტიის მხარდამჭერების აღშფოთება გამოიწვია. ცენტრში ხალხის მოდინება არ წყდებოდა. დაშავებულების სისხლიანი სახეების ქვეყნის მასშტაბით გამოფენა უკვე მოესწროთ სხვადასხვა მედია საშუალებებს. ინფორმაცია ელვისებურად გავრცელებულიყო. პარკამდე მოღწევას უკვე ცდილობდნენ აღშფოთებული მოქალაქეების ჯგუფები.

სიტუაციაზე კონტროლი ნელ—ნელა შეუძლებელი ხდებოდა. სამთავრობო ყრილობა ალბათ ჩაიშლებოდა. რამდენიმე ახალმოსულმა თქვა, რომ პარკთან ახლოს სპეცრაზმის ავტობუსები შენიშნა. ეს ხმებიც მალე დადასტურდა.

***

ლუკამ პარკის შესასვლელამდე მიაღწია. იქ ბევრი ფორმიანი ირეოდა, ჭიშკარში არავის უშვებდნენ. ლუკამ გზაში ორჯერ დარეკა ელენესთან, მაგრამ ზარი არ გადიოდა. შეეცადა დაერეკა, მაგრამ ზარი არ გავიდა, მესიჯებიც, რატომღაც, აღარ მისდიოდა. ლუკა უკვე ღელავდა. პარკის სიღრმიდან აფეთქების ხმა მოისმა. ერთ—ერთ პოლიციელს გამოელაპარაკა.

— რა ხდება ვერ მეტყვით? ჩემი ცოლია იქ. — ვერაფერს გეტყვით — თქვა პოლიციელმა — მაგრამ თქვენი ცოლი უსაფრთხოდაა. — შემიშვით, ვერ ვურეკავ. არ მაქვს უფლება შესვლის?

პოლიციელმა მისკენ ნაბიჯი გადმოდგა, ხელით მიაწვა.

— თუ შეიძლება დატოვეთ ტერიტორია. მიმდინარეობს ოპერაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით.

ლუკა მიხვდა, რომ აქ ვერაფერს გახდებოდა. კამათს აზრი არ ჰქონდა, ალბათ უფრო გაირთულებდა სიტუაციას. განზე დადგა, სიგარეტს მოუკიდა, თვალი მოავლო პარკის მიმდებარე ტერიტორიას: პოლიცია ამხელა პარკს ალყას ვერ შემოარტყამდა. მთავარ შესასვლელს მოშორდა, ისევ ქვემოთ ჩაუყვა გზას და ცოტა ხნის შემდეგ, როცა ხალხი შეთხელდა და პოლიციაც ვერ შენიშნავდა, გზიდან გადაუხვია და ისევ აღმა, ტყე—ტყე წავიდა პარკისკენ.

***

წიპუშა ექიმებმა წაიყვანეს. ცენტრთან სპეცრაზმმა ორ რიგად მოწყობა დაიწყო. დინამიკებში გაისმა ქალის ხმა, ხმამაღალი, მაგრამ მშვიდი, თანაბარი, თითქმის ალერსიანი და ამდენად, სიტუაციისთვის შეუფერებელი; დამახასიათებელი იმ მექანიზმისთვის, რომელიც მიუკერძოებელი სამართლის აღსასრულებლად სრულ მზადყოფნაშია. ხმა მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდებოდა კანონით გათვალისწინებულ ზომების მიღებას.

ხალხი აღელდა, შეჩოჩქოლდა.

— ხალხო, უკან გადავიწიოთ — დაიყვირა ვიღაცამ. — რატო უნდა გადავიწიოთ — ეს რა, ყველას პარკი არაა? — მკვლელებო — გაისმა ყვირილი.

ხალხის სიღრმიდან რამდენიმე, ნახევრად ცარიელი ბოთლი ისროლეს სპეცრაზმის მიმართულებით. ასევე ისროლეს ნახევარი ჰოთდოგი, ლუდის თითქმის სავსე ჭიქა.

— არსად არ წავალთ. ეს ყველას პარკია. აქ დავდივართ. ვსეირნობთ. ბავშვები არიან.

სპეცრაზმმა მწყობრად განლაგება დაამთავრა და ხალხისკენ დაიძრა.

***

ლეიტენანტი გიორგი ბოტკოველი ღელავდა. გარკვეულწილად მისი ბრალი იყო, რომ პროვოკაციულმა ძალებმა მოახერხეს სიტუაციის დესტაბილიზება, მაგრამ ყველა სახის საფრთხის და დაბრკოლების წინასწარ განჭვრეტა, როგორც წესი, შეუძლებელია. ვინ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, სულ ერთია, მოგვიანებით მაინც გაირკვეოდა. ახლა ლეიტენანტის მთავარი ამოცანა სიტუაციის განმუხტვა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

უნდა დაეკითხა და დაეკავებინა ის პირები, ვინც წინასწარ განზრახული საბოტაჟი მოაწყვეს. მთავარი დამნაშავეები, სამწუხაროდ ჯერ კიდევ თავისუფლები იყვნენ. მათ ხალხს შეაფარეს თავი. ერთ—ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციის მონიტორინგის ქვეშ იყო და ვეღარსად დაიმალებოდა. მეორე — მიიმალა. მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან მასაც მისწვდებოდა, მაგრამ შესაძლოა მას, ანუ მართლმსაჯულებას, ამ მომენტში გიორგი ბოტკოველში განსხეულებულს, მისი ძებნა არც დასჭირვებოდა — ლეიტენანტმა, რომელიც მიმდინარე პროცესებს წამით არ აშორებდა თვალს, ხალხში თვალი მოჰკრა მეორე ეჭვმიტანილსაც.

პოლიციელების ის რაოდენობა რაც ლეიტენანტის განკარგულებაში იყო არ იქნებოდა საკმარისი აღელვებული ხალხის შუაგულიდან დამნაშავის გამოსაყვანად — დიდი იყო შანსი, ისევ გამოეგლიჯათ ხელიდან და სიტუაცია გართულდებოდა. ამიტომ შესაფერის მომენტს უნდა დალოდებოდა. ამასობაში მიზანში ამოღებული კაცი დროებით ისევ დაეკარგა თვალთახედვიდან, მაგრამ აჩქარება ახლა, როცა დამატებითი ძალები უკვე ადგილზე იყვნენ, არაფერში არგებდა.

როდესაც ოპერაცია დაიწყო, ლეიტენანტი თავის ხალხთან ერთად სპეცრაზმის ტალღას მიჰყვა. კვამლი და აირწინაღი მხედველობას უზღუდავდა მაგრამ პირველი რამდენიმე წუთის შემდეგ ოპერაციის აქტიურ მოწინააღმდეგეთა რიგებში მაინც შენიშნა დამნაშავე. დარწმუნებული ვერ იქნებოდა, მაგრამ ლეიტენანტი ინტუიციას ენდო და სასწრაფოდ გადაწყვიტა ემოქმედა.

დაკავების ოპერაცია წარმატებული გამოდგა. დაკავების პროცესში ლეიტენანტს პატარა დაბრკოლება შეხვდა და უცნობი თავდამსხმელის მოგერიება მოუხდა, რომელიც ადგილიდან მიიმალა.

***

გაზის პირველი ყუმბარის გასკდომის ხმამ, წყევლა—გინებამ, ღრიალმა, ერთი სიტყვით უცებ გამეფებულმა ქაოსმა, ელენე აიძულა ბოლოს და ბოლოს საფრთხის მასშტაბები ეგრძნო. კონფლიქტის მოძრავი ეპიცენტრი სწრაფად უახლოვდებოდა — უკვე იმ ადამიანების შუაში მოქცეულიყო, ვინც გზად ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, სპეცრაზმის მოახლოებულ რიგებს ესროდნენ. ლუკასთან მესიჯები ისევ არ იგზავნებოდა და არც მისგან მოსულიყო რამე. როგორმე სასწრაფოდ უნდა მიეწვდინა მისთვის ხმა და გაეფრთხილებინა საფრთხის შესახებ, მაგრამ მორიგი მესიჯის აკრეფამდე ამ საფრთხეს თვითონ უნდა გასცლოდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, ეპიცენტრს ცოტათი დაშორდა და ისევ შემობრუნდა. თვალები ეწვოდა და ნაყლაპი კვამლი სუნთქვასაც უძნელებდა, მაგრამ შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. უეცრად მოძალებულ შიშს, ძლიერი ცნობისმოყვარეობა ერთვოდა. კვამლით მოცული, ქაოტური და ველური დაპირისპირების სცენაში, რომელიც მის თვალწინ იშლებოდა, იყო რაღაც მომნუსხველი.

დაინახა როგორ შეუტია შეფოთლილი ტოტებით შეიარაღებულმა რამდენიმე კაცმა სპეცრაზმის წინა რიგებს. სპეცრაზმელებმა ფარები უმარჯვეს; ცოტა ხანი თითქოს თავდამსხმელთა მხარეს იყოს უპირატესობა, შემდეგ, უცებ, შეთანხმებულად, სპეცრაზმი ერთბაშად გადავიდა შეტევაზე. თავდამსხმელთაგან უმეტესობა გაიქცა, ორის გარდა, რომელთაც სპეცრაზმმა ალყა შემოარტყა და ხელკეტებით ცემა დაუწყო.

დაინახა როგორ აიღო, ელენესთან ახლოს, ვიღაც კაცმა ქვაფენილიდან ამოვარდნილი მოზრდილი ქვა და ისროლა. ქვა ერთ—ერთ შეჯავშნული სპეცრაზმელის ფეხებთან დავარდა.

დაინახა პარკის ქვაფენილიანი გზის პირას გულაღმა მწოლიარე ქალი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ასულიერებდა.

სანახაობა შემაძრწუნებლად ძალადობრივი ხდებოდა და ცნობისმოყვარეობას შიშმა სძლია. უკვე გაქცევას აპირებდა, როცა კიდევ ერთმა სცენამ მიიქცია მისი ყურადღება. თვალში მოხვდა სილუეტი, რომელიც პარკის ტყიანი მხრიდან გამოვიდა.

ელენეს სილუეტი ეცნო. შეყოვნდა, შეყოყმანდა, შემდეგ გაუბედავად დაუძახა:

— ლუკა!

დარწმუნებული ჯერ კიდევ არ იყო, რომ ლუკას ეძახდა; მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ მიხვრა—მოხვრით და აღნაგობით ძალიან ჰგავდა.

კაცმა მისი ხმა ვერ გაიგო, ყოყმანით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, შემდეგ, ეტყობა მიხვდა, რომ ცუდ ადგილას გადაწყვიტა პარკის მთავარ გზაზე გამოსვლა და ისევ ტყის უსაფრთხოებაში დასაბრუნებლად შეტრიალდა. ის—ის იყო უნდა გაუჩინარებულიყო, რომ ორი კაცი ეცა. ერთ—ერთი ქეჩოში სწვდა, მეორემ ხელების გადაგრეხა სცადა, მისი ძირს დაგდება უნდოდათ. სამივენი წაბორძიკდნენ.

— ლუკა! — დაიკივლა ელენემ, მაგრამ მისი ხმა საერთო გნიასში ჩაიკარგა.

სამეულისკენ გზა გაიკვლია, პოლიციელს მივარდა და მკლავში ჩააფრინდა. ბნელოდა, კაცს, რომელსაც პოლიციელები ეჭიდავებოდნენ თავი ჩახრილი ჰქონდა, მაგრამ ელენემ პერანგი იცნო.

— არაფერი უქნია!

ეჭვი აღარ ჰქონდა, რომ ეს მართლაც ლუკა იყო. შეეცადა პოლიციელი შეეჩერებინა, ლუკასთვის მოეშორებინა, მაგრამ ძვრა ვერ უყო.

***

ბერემ საკუთარი თვალით ნახა როგორ დააგდეს ძირს წიპუშა და წიხლებით შედგნენ. მაშინ მოახერხა პოლიციელებს დასძვრენოდა და ხალხს შეერია. ახლაც, ამ ხალხმრავლობაში, ადვილად გაიქცეოდა. პარკს კარგად იცნობდა და შეძლებდა გზაზე შეუმჩნევლად გასვლას. მაგრამ წასვლას არ ჩქარობდა, შორიდან უყურებდა როგორ წაიყვანეს წიპუშა და ბოღმა ახრჩობდა. რაღაცას ელოდა, იმედი ჰქონდა, რომ ხალხი ასე იოლად არ დაიშლებოდა, იმედი ჰქონდა, რომ სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა გამოჩნდებოდა. როდესაც დარბევა დაიწყეს და მიხვდა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად სპეცრაზმი გაიმარჯვებდა, ბერეც უხალისოდ შეტრიალდა და უნდოდა იქაურობას გასცლოდა. მაგრამ სპეცრაზმის და პოლიციის მოახლოებულ ჯგუფებში ის პოლიციელი იცნო, რომელიც მათ ცემას და დაჭერას ხელმძღვანელობდა და სიძულვილმა დააბრმავა, შეაჩერა.

ჯერ—ჯერობით უკან იხევდა ისე, რომ პოლიციელი არ დაჰკარგოდა თვალთახედვიდან. ცოტა ხნის შემდეგ დაინახა როგორ გამოეყო პოლიციელი და მისი მეგობარი მთავარ ჯგუფს და ვიღაც დემონსტრანტისკენ წავიდნენ; როგორ დაეტაკნენ დემონსტრანტს და იმან წინააღმდეგობა გაუწია. არაფერი უშლიდა ბერეს, იქამდე შეუმჩნევლად მიღწევაში და იქ თუ მიაღწევდა, დანარჩენი მის ხელში იყო.

ბერეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო — წესით ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებდა თუ ყველაფერს უშეცდომოდ გააკეთებდა. უბრალოდ სწრაფად და გამბედავად უნდა ემოქმედა. შურისძიების ასეთი შესაძლებლობა მეტჯერ აღარ ექნებოდა.

***

პოლიციელმა ხელი მოიქნია და მარცხენა იდაყვი ელენეს, რომელიც ზურგზე ებღაუჭებოდა, სახეში ჩაარტყა. ელენე მარჯვნივ გადაქანდა და ბერეს მიერ ლეიტენანტისთვის მოღერებულ დანას წამოეგო. ელენე ძირს დავარდა, წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ხედავდა როგორ გაიმარჯვეს ბოლოს და ბოლოს პოლიციელებმა და ლუკა წაათრიეს, ელენე კი ისევ ვერ დგებოდა. ეგონა მხოლოდ დარტყმისგან იყო გაბრუებული სანამ ზურგში ცხელმა და გამჭოლმა ტკივილმა არ წამოუარა. დაიკვნესა, მტკივან ადგილს ხელით მისწვდა და თბილი სისველე იგრძნო.

ხალხი ახლა უკვე თავქუთმოგლეჯით გარბოდა. უკან დახევა უკვე გაქცევად ქცეულიყო. სიბნელეში, კვამლში, ვიღაცამ ელენეს ფეხი წამოკრა და დაეცა, კვნესისთვის ყურადღება არ მიუქცევია და გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ გამოჩნდნენ ვიღაცეები, ელენეს წამოდგომაში მიეხმარნენ და ისინიც გაიქცნენ. კვამლსა და ქაოსში ელენე ლასლასით მიიწევდა წინ, სიარული უჭირდა, ბორძიკობდა. ინსტინქტურად იქით წავიდა, საითაც ხალხიც და კვამლიც ნაკლები ეგულებოდა. ასე მიიწევდა წინ, ლასლასით, ინსტინქტურად. არ იცოდა რამდენი ხანი მიდიოდა. ხან ეჩვენებოდა, რომ ერთ ადგილზე იდგა, ხანაც თითქოს ელვისებური სისწრაფით იცვლებოდა მის ირგვლივ ყველაფერი. უცებ სუფთა ჰაერზე აღმოჩნდა — მთავარი გზიდან გადაეხვია და პარკის ბინდბუნდში ჩაძირულ, უკაცრიელ ნაწილში გამოსულიყო. ტკივილს თავდაპირველი სიმხურვალე დაეკარგა და ახლა ცივად ფეთქავდა, გონებას უბინდავდა. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, დამრეცი, გზა ჩაიარა და ძველი, ოღროჩოღრო ასფალტით დაფარულ, ერთი შეხედვით უკაცრიელ მოედანს მიაღწია. მოედნის ერთ კუთხეში წამომართულიყო უზარმაზარი, ჭყეტელა, ზანტად მბრუნავი ეშმაკის ბორბალი. მოედნის მეორე მხარეს საღებავ გაცლილი მოაჯირი საზღვრავდა. მოაჯირის მიღმა ხევი იწყებოდა და იქიდან მონაბერი ქარი მოედნის მტვერსა და ნაგავს ხვეტდა. ხევის მიღმა, ქვევით, ქალაქის ხედი მოჩანდა.

***

ელენე ატრაქციონს მიუახლოვდა. უკნიდან კიდევ ერთხელ მოაღწია აფეთქების ყრუ ხმამ, მაგრამ ეს უკვე იმდენად შორს იყო (ან ელენეს ეჩვენებოდა ასე), რომ ყურადღებაც კი აღარ მიუქცევია. ატრაქციონის შესასვლელთან, ჯაჭვებით მოწყობილ ლაბირინთს, რომელიც ხალხმრავლობის დროს რიგის ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა, ჩამოეყრდნო. ატრაქციონთან დადგმული წაფერდებული ჯიხურიდან, რომლისთვისაც ელენეს ყურადღება არ მიუქცევია, კაცი გამოვიდა და ელენეს მიუახლოვდა.

— გნებავთ რამე? — თქვა კაცმა.

მისი ხმა ყრუდ გაისმა. ელენემ შეხედა. სახე ვერ გაარჩია, ყველაფერი სიზმრისეულ ბურუსში ჩაძირულიყო.

ჩანთაში ხელი მოაფათურა, ბღუჯად ამოიღო ბილეთები და კაცს გაუწოდა. კაცი ბილეთით ხელში ატრაქციონისკენ გადაიხარა, შემდეგ გაიმართა და უსახო თავი გააქნია. რაღაც თქვა, მაგრამ ელენეს არ გაუგია, მხოლოდ მიხვდა, რომ უარს ეუბნებოდნენ.

შეეცადა ჩანთაში ფული მოეძებნა, მაგრამ ძალა ელეოდა, უნდა ეჩქარა. ამიტომ ჩანთის მოხსნა სცადა, მაგრამ ტკივილი მოძრაობაში უშლიდა ხელს. გაჩერდა და კაცს დახმარება სთხოვა. კაცი მიხვდა, მცირე შეყოყმანების შემდეგ ჩანთის მოხსნაში მიეხმარა.

ასე იდგნენ ერთხანს, ჯაჭვზე დაყრდნობილი ელენე და კაცი, რომელმაც ჩანთაში ხელი ზერელედ მოაფათურა, რის შემდეგაც ელენეს წამით მოეჩვენა, რომ ქვის უტყვ ქანდაკებად გადაიქცა. მაგრამ ბოლოს კაცმა მხრები აიჩეჩა და ჯაჭვი, რომელიც ატრაქციონის შესასვლელს კეტავდა, მოხსნა.

ელენე კაცმა კაბინაში შეიყვანა და ატრაქციონის სკამზე დაჯდომაში მიეხმარა, შემდეგ კი კაბინიდან გამოვიდა და ჯიხურში დაბრუნდა.

*** კაბინა ზანტად დაიძრა. ელენე სკამზე ჰორიზონტალურად დაწვა, სახით ფანჯრისკენ, თავი სკამის წამოწეულ კიდეს მიაყრდნო. კაბინის ზევით ასვლასთან ერთად სიზმრისეული ბურუსი, თითქოს მართლა მოედანზე ჩამომდგარი თხელი ნისლი ყოფილიყოს, უკან რჩებოდა. სისხლის წვრილი ნაკადი გაცრეცილი სკამის დახრილ ზედაპირს დაუყვა და ძლივს გასაგონი, თანაბარი წკაპუნით დაიწყო ჟანგიან იატაკზე წვეთა. ეს ხმა მთლიანად დაფარა ელენეს ყურებში ჩამდგარმა ერთგვაროვანმა ხმაურმა, რომელსაც კაბინის ძველი კორპუსის ღრიჭოებში შემომძვრალი ქარის, ატრაქციონის ჩონჩხის ჭრიალის და კიდევ რაღაც შორეული გუგუნის ხმები ქმნიდნენ. მაგრამ იმან, რაც ელენეს თვალწინ ნელ—ნელა მჟღავნდებოდა, ამ სევდიან და ავისმომასწავებელ ხმას დამთრგუნველი ძალა დაუკარგა; პაწაწინა სინათლეების გროვები, რიტმულად პულსირებადი წერტილები, მოუსვენრად მცოცავი, წითელ—ყვითელი წინწკლები, წვრილ—წვრილი სინათლეების ჯგუფებისგან შექმნილი მობრიალე ლაქები ყოველწამიერად იკრებდნენ ძალას და ერთ მთლიან, მოძრავ პეიზაჟად იკვრებოდნენ. მხოლოდ დროდადრო, ელენეს მზერა ამ საზეიმო ბრწყინვალების შუაში, თითქოს უფსკრულივით პირდაფჩენილ გლუვ სიბნელეზე გადასრიალდებოდა ხოლმე.

როდესაც ბორბალმა ნახევარი წრე შემოწერა და კაბინას დაღმასვლა უნდა დაეწყო, ყველა ხმა გაქრა და ქვემოთ დარჩენილი ქალაქის სინათლეებიც თითქოს ერთბაშად გაფერმკრთალდნენ. თვალები დახუჭა.

Categories: #მხატვრული

Written by Human, Not by AI